28 June 2025
2025/06/20 - 18:55

ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისი აღმატებულება მაჰმუდ ადიბის განცხადება ქართული მედია საშუალებებისათვის

ქალბატონებო და ბატონებო პატივცემულო ჟურნალისტებო საქართველოს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებო მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ანუ ქვეყანაში, რომელმაც  კარგად იცის სუვერენიტეტისა და მშვიდობის ფასი, ჩვენს მეგობრებს გავუზიაროთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია და ხედვები რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ყველანი თვალყურს ადევნებთ ახალ ამბებს და მოგეხსენებათ, რომ იმ დროს როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩართული იყო მოლაპარაკებებში და ემზადებოდა ამერიკასთან არაპირდაპირი მოლაპარაკების მეექვსე რაუნდისათვის, 2025 წლის 13 ივნისს, დილის საათებში ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყო შეიარაღებული  თავდასხმები, რაც ირანზე   აშკარა აგრესიას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად ,თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და  ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ამასთან, საკუთარ სახლებში მოკლულ იქნენ სამხედრო მეთაურები. თავდასხმა განხორციელდა ასევე ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნათანზისა ცენტრზე.  ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას.

ისრაელის რეჟიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში არ სცნობს არანაირ ზღვარს. თქვენ ყველამ ნახეთ რა მოხდა ღაზას სექტორში, სადაც უდანაშაულო პალესტინელების განადგურების გარდა, ფეხქვეშ იქნა გათელილი ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ნორმები, საერთაშორისო სამართალი და ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ამჯერად, სიონისტურმა რეჟიმმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საერთაშორისო სამართლის ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა.  სიონისტური რეჟიმის ქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, მათ შორის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას. ირანის ისლამური რესპუბლიკა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და ამ უფლების გამოყენებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო პრაქტიკულ ზომებს  არ მიიღებს აგრესიის შესაჩერებლად, აგრესორის დასაგმობად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მინდა მოგიყვეთ რამდენიმე შემთხვევის შესახებ, თუ როგორ ემსხვერპლა ამ სასტიკ აგრესიებს  ჩემი ქვეყნის მოქალქეები.

ეჰსან ეშრაყი იყო ბანკის ჩვეულებრივი თანამშრომელი და მოსიყვარულე მამა, რომელიც ყოველ დილით სამსახურში წასვლისას თავის გოგონას შუბლზე კოცნიდა.  თეირანის საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის სასტიკი და დაუნდობელი აგრესიის დროს, რაკეტამ მათი სიცოცხლე დაასრულა. ეჰსანს და მის ქალიშვილს არც ატომური ბომბები ჰქონდათ და არც ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, ისინი უბრალოდ მამა-შვილი იყვნენ, რომელთა დანაშაულიც სიცოცხლე იყო, მაგრამ მამა-შვილის სუნთქვაც კი აუტანელი იყო იმ რეჟიმისთვის, რომელსაც ბავშვების ეშინია და ბავშვების მკვლელობას ერთგვარ გართობად მიიჩნევს. ახლა მათი საფლავის ქვები გვერდიგვერდ დგას.

მოჰამად მეჰდი ამინი მხოლოდ ბავშვი იყო. ბედნიერი და ენერგიული ბავშვი, რომელსაც უყვარდა ტაეკვონდო და ერთ დღეს პოდიუმზე უნდა დამდგარიყო, ახლა ის მშვიდად განისვენებს.  მოჰამად მეჰდი ამინის მამა, რომელსაც შვილი ყოველთვის სპორტდარბაზში მიჰყავდა, უკანსაკნელ გზაზე მასთან ერთად დაიღუპა.

მაჯიდ თეჯენ ჯარი; ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა.  მაჯიდი იყო ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამირების დარგის გამორჩეული სპეციალისტი. მას ტექნოლოგიების პოპულარიზაცია სურდა, მაგრამ ის ემსხვერპლა სიონისტთა იმ ცრუ განცხადებას, რომლის თანახმად ისინი „არ ებრძვიან ირანელ ხალხს“.

ეს მხოლოდ რამდენიმე სამწუხარო შემთხვევაა, რაც გამოიწვია სიონისტური რეჟიმის სასტიკმა აგრესიამ. ეს ისტორიები იმ მწარე სინამდვილის შეხსენებაა, რომ საერთაშორისო სამართლის ხელყოფა, მისი მასშტაბების მიუხედავად, ჩრდილს აყენებს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას.

ისრაელის ხაზგასმა „წინასწარი თავდაცვის“ უფლებაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და მისი გამეორება საფრთხეს უქმნის ქარტიის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს, ძალის გამოყენების აკრძალვას. გაეროს გენერალური ასამბლეის 3314-ე რეზოლუციის თანახმად, ძალის პრევენციული გამოყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ მომხდარა შეიარაღებული თავდასხმა,  აგრესიის აკრძალვის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში, არ არსებობდა ამის აუცილებლობა.  ირანს არ დაუწყია კონფლიქტი, არ არსებობდა რაიმე საფრთხე ძალის გამოყენებისათვის და ასევე, არ არსებობდა სანდო და დასაბუთებული ინფორმაცია, ირანის მხრიდან გარდაუვალი თავდასხმის შესახებ. ის რაც მოხდა, იყო არა წინასწარი თავდაცვა, არამედ აშკარა აგრესია.

ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის გარდა, აკრძალულია ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი და არასაჭირო ზიანის მიყენება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, გარემოსთვის და ზოგადად, სიცოცხლისთვის. ასეთი თავდასხმა საერტაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა და ომის დანაშაულია. ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა ხაზგასმულია ჟენევის ოთხი კონვენციის პირველი პროტოკოლის 56-ე მუხლში, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებებში, 1980 წლის ბირთვული ობიექტების ფიზიკური დაცვის შესახებ კონვენციაში, ამ კონვენციის 2005 წლის შესწორებაში და ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის არაერთ რეზოლუციაში. ამგვარად, ისრაელის რეჟიმმა ჩაიდინა ორმაგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც, მას უნდა დაეკისროს  პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და მოხდეს მისი დასჯა.

ამ აშკარა აგრესიებზე, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავდაცვის მიზნით, მიიღო საპასუხო ზომები. ჩვენი პასუხი ეფუძნება თავდაცვის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი აღიარებული პრინციპია და წარმოადგენს ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებას, წინ აღუდგეს ნებისმიერ აგრესიას. თავდაცვა ეს არის ქმედება, რომელიც დაიწყეს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ღამის წინ და გააგრძელებენ მას. პალესტინის ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო და ეკონომიკურ სამიზნეებზე ჩვენი სარაკეტო თავდასხმების მიზანი, მხოლოდ თავდაცვა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

პირველ ღამეს ჩვენ მხოლოდ ისრაელის რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე განვახორციელეთ  თავდასხმა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ისრაელის რეჟიმმა დაბომბა სამოქალაქო და ეკონომიკური ობიექტები და თავს დაესხა ირანის ზოგიერთ რეგიონში არსებული ნავთობ-ობიექტებს, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედეთ.  სპარსეთის ყურეში ირანის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა აშკარა აგრესია და ძალიან საშიში აქტია. კონფლიქტის გადატანა სპარსეთის ყურის რეგიონში დიდი სტრატეგიული შეცდომაა,  რომელიც, სავარაუდოდ, განზრახ იქნა გაკეთებული იმისათვის, რომ ომი ირანის ტერიტორიის მიღმაც გავრცელდეს. სპარსეთის ყურე საკმაოდ მგრძნობიარე და რთული რეგიონია და ნებისმიერმა სამხედრო მოქმედებამ, შესაძლოა ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მედგრად გააგრძელებს საკუთარი თავის დაცვას და ჩვენი შეიარაღებული ძალებიც ამაყად გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. ირანს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება დაიცვას თავი აგრესიისგან. ეს არის უფლება, რომელიც გამყარებულია გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით და მასზე არ მოქმედებს  პოლიტიკური ზეწოლები ან აგრესორის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერები.

ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებმა, დაგმო სიონისტური რეჟიმის აგრესია ირანის ისლამური რესპუბლიკის, განსაკუთრებით კი ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის დამცველად ასაღებს თავს,  აშკარა აგრესიის დაგმობის ნაცვლად, აკრიტიკებს ირანის თავდაცვის უფლებას. ზოგიერთი ევროპული და დასავლური ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სინდისი,  თვალთმაქცურად ცდილობს ადგილები შეუცვალოს  „მკვლელს“ და „მსხვერპლს“, „მჩაგვრელს“ და „ჩაგრულს“, „აგრესორს“ და „აგრესიის მსხვერპლს“. ისინი თვალთმაქცობით და ანგარებით, ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ამ ქვეყნებს თავშეკავება მაშინ ახსენდებათ, როდესაც აგრესიის მსხვერპლი ლეგიტიმურად ცდილობს თავის დაცვას.  თავშეკავებისკენ მოწოდებას, იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ხალხი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა,  არანაირი ლოგიკური ან მორალური გამართლება არ მოეძებნება. აგრესორზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. ჩვენ მოველით, რომ ყველა ქვეყანა, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, დაიცავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

მოვუწოდებთ გაეროს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების,  ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების გათვალისწინებით, დაგმონ ისრაელის რეჟიმის აგრესია ირანის წინააღმდეგ. თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები ვერ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ცალსახად იმსახურებენ ირანის პროტესტსა და რისხვას.

დასასრულს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება და სამხედრო ზომები მიიღოს ისრაელის რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ირანელი ხალხი ყველაზე მეტად არის ერთიანი და კონსოლიდირებული უცხოური აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  როგორც გუშინ ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა: "ირანელი ერი  წინ აღუდგება თავსმოხვეულ ომს, ისევე როგორც მტკიცედ დადგება თავსმოხვეული მშვიდობის წინააღმდეგ და არავის დანებდება".

იმედი მაქვს,  საერთაშორისო საზოგადოებრიობა, მათ შორის ჩვენი ქართველი მეგობრები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხს და ექნებათ  შესაბამისი რეაგირება სიონისტური რეჟიმის დანაშაულებსა და აგრესიაზე, რომლითაც დარღვეული იქნა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი და საფუძველი. ეს არის საუკეთესო გზა რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ეს არის პრინციპი, რომელსაც აფასებენ საქართველოშიც. გვჯერა, რომ თანამშრომლობითა და კანონის დაცვით, შევძლებთ  ყველასთვის უსაფრთხო მომავლის მოპოვებას.

 

და ბოლოს: ირანელი ხალხი, ისევე როგორც კარგად დაიმახსოვრებს აგრესორებს,  არ დაივიწყებს აგრესორთა მხარდამჭერებსა და აგრესიის გამამართლებლებს. ამიტომ ვთხოვ  ქართულ მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, კარგად დაიმახსოვრონ ეს ისტორიული მომენტები.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است