18 November 2025
2025/11/13 - 12:33

აბას არაყჩის წერილი გაეროს გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ამერიკის პრეზიდენტის აღიარებასთან დაკავშირებით

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სეიედ აბას არაყჩის წერილი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის და გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მაიკლ იმრან კანუსადმი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით რომლითაც მან აღიარა რომ შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ სიონისტური რეჟიმის აგრესიულ ქმედებებს

სახელითა უზენაესისა

2025 წლის 11 ნოემბერი

თქვენო აღმატებულებავ,

 

ჩემი წინა წერილების გათვალისწინებით, რომლებიც თარიღდება 2025 წლის 13 ივნისით (S/2025/379), 22 ივნისით S/2025/405) და 28 ივნისით (S/2025/429) და ეხება აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ, 2025 წლის 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ აშკარა აგრესიის აქტებს, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

2025 წლის 6 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა: „ისრაელმა თავდაპირველად [ირანზე] განახორციელა თავდასხმა. ეს თავდასხმა იყო ძალზე, ძალზე ძლიერი. მე სრულად ვიყავი ამაზე პასუხისმგებელი“.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, აღნიშნული განცხადება წარმოადგენს აშკარა მტკიცებულებას იმისა, რომ აღნიშნული უკანონო ქმედებები შეერთებული შტატების ხელმძღვანელობითა და კონტროლით განხორციელდა.როგორც აქამდეც იქნა აღნიშნული, ისრაელის რეჟიმისა და შეერთებული შტატების აგრესიული ქმედება ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აშკარად არღვევს გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტს.

ეს ქმედება მოიცავდა თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე, რაც სრულ უგულებელყოფას წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების მიმართ. აღნიშნულმა თავდასხმებმა გამოიწვია 1100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა და მრავალთა დაჭრა. აგრეთვე განხორციელდა ბრმა თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ეს ქმედებები არღვევს გაეროს ქარტიას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) კონფერენციების საბოლოო დოკუმენტებს, ატომური ენერგიის სააგენტოს რეზოლუციებს (მათ შორის №444 და №533) და გაეროს უშიშროების საბჭოს 1981 წლის №487 რეზოლუციას.

შესაბამისად, აღნიშნული დარღვევების საერთაშორისო პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ ისრაელის რეჟიმს, არამედ შეერთებულ შტატებსაც — მათ შორის, აღნიშნული რეჟიმის ხელმძღვანელობისა და კონტროლის გამო.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ირანისა და ირანის მოქალაქეებისთვის ამ დარღვევების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოიცავს ვითარების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებასა და კომპენსაციის გადახდას საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების შესაბამისად.

ამასთან, ზემოხსენებული აღიარება ასევე გულისხმობს შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ნებისმიერი სხვა ამერიკელი ოფიციალური ან კერძო პირის ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებში, მათ შორის აგრესიის დანაშაულის ჩადენაში, მშვიდობიანი მოსახლეობის — მათ შორის ქალების, ბავშვების, მეცნიერების, უნივერსიტეტის პროფესორების, ჟურნალისტებისა და ტყვეების — წინააღმდეგ განზრახ თავდასხმების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, საბრძოლო მოქმედებების არეალს მიღმა მყოფი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების მიზანმიმართულ დაზიანებაში, სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებზე, ირანის რადიოტელევიზიის შენობაზე, ერთ-ერთ ციხესა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტებზე) თავდასხმებში მონაწილეობის გამო.ამავე დროს, აღნიშნული გარემოება არ აუქმებს იმ პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებიც ისრაელის რეჟიმის შიგნით იყვნენ ჩართულნი აღნიშნული ომის დანაშაულების დაგეგმვასა, ხელმძღვანელობაში, ჩადენაში ან მათ დახმარებასა და ხელშეწყობაში.

ამ საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს კანონიერ და ურყევ უფლებას, რომ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით დაადგინოს როგორც სახელმწიფოების, ისე ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობა და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მოელის, რომ გაეროს გენერალური მდივანი და უშიშროების საბჭო, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისადმი მათი პასუხისმგებლობის შესაბამისად, მიიღებენ შესაბამის ზომებს შეერთებული შტატებისა და ისრაელის რეჟიმის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად აღნიშნული მძიმე დარღვევების გამო და გაავრცელებენ  მართლმსაჯულებას ამ დანაშაულთა ჩამდენ პირებზე.

გთხოვთ, ეს წერილი გამოქვეყნდეს, როგორც უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი.

მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა.

 

სეიედ აბას არაყჩი

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است