23 December 2024
2024/06/13 - 16:31 View: 436

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მაჰმუდ ადიბის ინტერვიუ ტელეკომპანია ჯორჯიან თაიმსთან

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მაჰმუდ ადიბის ინტერვიუ ტელეკომპანია ჯორჯიან თაიმსთან

1. მოგესალმებით ბატონო ელჩო. მადლობა, რომ ჩვენთან ხართ სტუმრად. უპირველეს ყოვლისა მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ სახელით მინდა მოგისამძიმროთ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის, ტრაგიკული გარდაცვალება, რომაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა. მისი გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დატოვა ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც მხოლოდ კვალიფიციურმა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ეს მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევა იყო, რას ამბობს გამოძიება?

სახელითა უზენაესისა; მეც მოგესალმებით, მივესალმები თქვენს თანამშრომლებს. ყოველთვის მოხარული ვარ თქვენს ტელევიზიაში და რადიოში სტუმრობით. მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი ინტერვიუს ორგანიზებისათვის. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხრიდან და თქვენი თანამშრომლების მხრიდან გამოთქმული და სამძიმრისა და თანაგრძნობისთვის. ამასთან უღრმეს მადლობას მოვახსენებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივცემულ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ირანისტებს, საქართველოს მუსლიმ თემს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც გულთან მიიტანა ირანის ხალხის ტრაგედია და ამ ქვეყნის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების ტრაგიკული სიკვდილი. განსაკუთრებით მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაცია საქართველოს ხალხის სახელით გაემგზავრა ირანში და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრო მოწამეობრივად დაღუპული პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვა გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდს და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ეს იყო ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო შემთხვევა. თუმცა როგორც ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, ირანი, როგორც სტაბილური სახელმწიფო და რამდენიმე ათასწლოვანი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა გააგრძელებს თავის გზას და ეს ტრაგედია რომელმაც დაამწუხრა ირანისა და რეგიონის სახვა ქვეყნების ხალხები, ვერ შეაფერხებდა ქვეყნის მართვის პროცესს. რაც შეეხება კატასტროფის მიზეზებს. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის თანახმად ტრაგედია არ გამოწვეულა გარეშე ფაქტორის გამო. გამოძიების თავდაპირველი შედეგების თანახმად ავიაკატასტროფა იყო სრულიად ბუნებრივი.

2. ირანში პრეზიდენტის არჩევნები 28 ივნისსაა ჩანიშნული. თქვენი აზრით, ვინც არ უნდა გახდეს ირანის ახალი პრეზიდენტი, შეიცვლის თუ არა ახალი მმართველი ქვეყნის საშინაო ან საგარეო კურსს? ჩვენ დავინახეთ, რომ 17 ადამიანი დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელთა შორის არის ექსპრეზიდენტი აჰმადინეჟადი.

როგორც აღნიშნეთ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. არჩევნები ქვეყნის მართვის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ირანი არის ქვეყანა, რომელიც ხელმძღვანელობს თავისუფალი არჩევნებით. ბუნებრივია, ქვეყანა, სტრატეგიული რაციონალიზმის საფუძველზე წარსულის მსგავსად ამ არჩევნებსაც წარმატებით გაართმევს თავს. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩეული იქნება ხალხის მიერ აწ განსვენებული ებრაჰიმ რაისის შემდეგ, ის გააგრძელებს მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ყოველთვის დაფუძნებული იყო ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ კურსზე. შესაბამისად რაიმე ცვლილება ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ კურსში არ მოხდება.

3. ჩვენ ვნახეთ, რომ ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა როგორც ოპოზიციის ასევე ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. საკმაოდ მკვეთრი კრიტიკა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.თქვენი აზრით ეს რამდენად ჯდება დიპლომატიური ეთიკის ფარგლებში?

პირველ რიგში მადლობლები ვართ საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთი დონის ყურადღებით ირანის მიმართ. ბუნებრივია, ამ დონის ყურადღება და ქართული დელეგაციის ვიზიტი ირანში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილ პირთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, მეტყველებს ქართველი ხალხის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ სიმწიფეზე და აგრეთვე ქართველი ხალხის უდიდეს ისტორიულ წარსულზე. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ პატივს სცემენ ტრადიციებს, ფასეულობებსა და რელიგიურ მრწამსს. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებშიც მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ესწრაფვის, ვერ მოახდენს გავლენას ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე. შესაბამისად ზოგიერთი პირის მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადების შესახებ შეკითხვა, რომელიც ეფუძნება თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ჩამორჩენილობას, მათ უნდა დაუსვათ. ვინაიდან ამ პირების გონებრივი შესაძლებლობები მათ მიერ შექმნილი მთავრობების მსგავსად, აგებულია სიცრუესა და სიყალბეზე. ამიტომ შეუძლებელია მათ განცხადებებზე ყურადღების გამახვილება. ირანელებიც და ქართველებიც ფლობენ რამდენიმე ათასწლოვან კულტურასა და ცივილიზაციას და ძალიან ბევრი საერთო კულტურული ფაქტორით არიან დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე ეს ყურადღება სათავეს იღებს ამმყარი და ფასეული ისტორიული კავშირებიდან.

4. რადგან საქართველო-ირანის ურთიერთობა ვახსენეთ, მინდა შევეხო საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონს, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო დიდი ვნებათაღელვის შემდეგ. ეს არის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი. არ დარჩენილა მსოფლიოში არცერთი დასავლური ქვეყნის ლიდერი ან პოლიტიკოსი რომ აღშფოთება და შეშფოთება არ გამოეთქვა ამ კანონის გამო. როგორც ჩანს დასავლეთი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ცდილობს სახელისუფლებო გადატრიალებას და ამას არც მალავს. როგორც გარედან მაყურებელი თვალი და გამოცდილი დიპლომატი, როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ,,ქართული ოცნება“ დასავლურ ზეწოლას?

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა ირანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კანონებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ხალხს ეკუთვნის. ქართველი ხალხი ინტელექტუალურად საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ამ ქვეყნის უძველესი ცივილიზაციური და კულტურული წარსულიდან გამომდინარე, მათ არ სჭირდებათ გარედან მოსული ადამიანი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩემი რჩევა იქნება, რომ გადაწყვეტილების მიღება მიანდონ ხალხს. დარწმუნებული ვარ ხალხს, რომელიც ფლობს მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, შესწევს უნარი მიიღოს ქვეყნის მართვისა და წინსვლისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები.

5. ყველაზე სასიამოვნო სიახლე ჩვენი ქვეყნისათვის ის არის, რომ ჩინეთმა გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხაებულ ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში, რითაც განსაკუთრებული სიძლიერით ამუშავდება შუა დერეფანი. ამასთან საქართველოს გავლით მოძრაობა დაიწყეს ევროპისკენ მიმავალმა ჩინურმა სატვირთო მანქანებმა. აღსანიაშნავია, რომ ირანმა ჩაპაჰარის პორტი გადასცა ინდოეთს რითაც შესაძლებელი ხდება ტვირთების გადაადგილება ორი მიმართულების გამოყენებით. ეს არის ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა და ირანი-სომხეთი-საქართველო-ევროპა, რომელი გზა იქნება უფრო მნიშვნელოვანი და რამენად იქნება მიბმული ისინი ანაკლიის პორტთან?

ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ეკონომიკური პროექტის განხორციელება რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც, დამატებით ღირებულებას შესძენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. საქართველო გამოირჩევა ძალიან ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობით და მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს როგორც შუა დერეფანში, ასევე სპარსეთის ყურე-შავი ზღვის კორიდორში, რაც თავისთავად წაადგება მშვიდობისა და სტაბილურობის და აგრეთვე ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებას რეგიონში. ირანის ისლამური რესპუბლიკა რკინიგზის საშუალებით უკავშირდება სამხრეთ რეგიონს სპარსეთის ყურეს, ომანის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს. ამ მხრივ ჩაბაჰარის პორტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური მარშრუტი, საიდანაც ტვირთები სომხეთის, საქართველოს და შავი ზღვის გავლით მიაღწევს ევროპამდე. იმ პოზიტიური მოვლენების გათვალისწინებით, რაც რეგიონში გვქონდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უფლის შეწევნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებანი გადაიჭრა. ამიტომ გადაზიდვებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას ჯულფა-ნახჭევანის რკინიგზა, რომელიც შემდეგ დაუკავშირდება ერევანს და შეუერთდება სომხეთ-საქართველოს მოქმედ რკინიგზას. ტვირთების გადაზიდვებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ირანის სახმელეთო მაგისტრალების გამოყენება. რკინიგზასთან ერთად ირანის სახმელეთო მაგისტრალები არის ამ ქვეყნის უდიდესი პოტენციალი. ყოველდღიურად 11 ათასზე მეტი სატვირთო მანქანა კვეთს ირანის საზღვრებს და ეს არის უდიდესი პოტენციალი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცებას. საქართველო უდავოდ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული და გეოეკონომიკური რგოლი ამ პროცესებში.

6. საკმაოდ რთული სიტუაცია იყო კავკასიაში. როგორც მოგეხსენებათ არსებობს ასეთი ფორმატი 3+3, რომელიც რეგიონის ქვეყნებისა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ურთიერთქმედების ახალი ალგორითმია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგონთან მიმართებით, მას არ შეუძლია ჩაერთოს ამ ფორმატში ვიდრე არ გადაიჭრება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. შეიძლება თუ არა ირანმა გავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე და მოხერხდება თუ არა ახალი ფორმატის შემუშავება 3+3+4 ?

4 ქვეყანაში იგულისხმება ჩინეთი, ინდოეთი ევროკავშირი და აშშ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის მიესალმება რეგიონულ თანამშრომლობას და რეგიონული პრობლემების მოგვარებას რეგიონის ქვეყნების მიერ. 3+3 ფორმატი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მექანიზმია. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რამდენიმე თვის წინ წარმატებით ჩატარდა ამ ფორმატში მონაწილე ქვეყნების შეხვედრა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრებში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. საქართველო, თავისი ისტორიული, კულტურული და ცივილიზაციური ურთიერთობებით რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და მას შეეუძლია მეტი ეფექტი შესძინოს ამ და თანამშრომლობის სხვა მექანიზმებსა და ფორმატებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა მიესალმება ნებისმიერი მექანიზმის ფორმირებას, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრისკენ. ირანი მხარს დაუჭერს ყველა ისეთ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და პატივისცემას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, არ ვენდობით ამერიკას და არ მივიჩნევთ, რომ ამერიკა ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას და ეკონომიკურ განვითარებას. ეს ქვეყანა როგორც წესი, სადაც არ უნდა იყოს, მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და ქვეყნებს შორის შუღლის ჩამოგდებასაც არ ერიდება, რათა ხელში ჩაიგდოს ამ ქვეყნების სიმდიდრე და ენერგორესურსები. საერთო ჯამში ირანის ისლამური რესპუბლიკა ეთანხმება ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონსა და რეგიონის ქვეყნებში მშვიდობასა და სტაბილურობას.

7. რეგიონულ პრობლემებში ერთ-ერთი მთავარი იყო ყარაბახი, რომელიც მოგვარდა, თუმცა ეხლა დიდ პრობლემად ითვლება ზანგეზური, რომლითაც აზებაიჯანი უნდა დაუკავშირდეს თურქეთს. გვაქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის მოლაპარაკებაზე ირანმა შესთავაზა აზერბაიჯანს ირანის ზანგეზურის გამოყენება თურქეთთან დასაკავშირებლად. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

როგორც წინა კითხვაში აღვნიშნეთ, ირანის საზღვრები ყოველთვის ღია იყო და იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განვითარებისთვის. ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცებისკენ, ვინაიდან რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის. აწ გარდაცვლილი აიათოლა რაისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სამეზობლო პოლიტიკა, რასაც ის ყოველთვის ხაზსგასმით აღნიშნავდა. აიათოლა რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების სამოქალაქო პანაშვიდზე ჩვენ დავინახეთ ამ სამეზობლო პოლიტიკის ნაყოფიერება. ყველა ჩვენი საუკეთესო მეზობელი ქვეყნის, მათ შორის კავკასიის ქვეყნების, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე დსთ-ს და არაბული ქვეყნების მეთაური დაესწრო აწ განსვენებული ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების სამოქალაქო პანაშვიდს. რამაც ცხადჰყო ირანის სამეზობლო პოლიტიკის შედეგიანობა. ჩვენ ყოველთვის ცალსახად მხარს ვუჭერთ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ირანი არასოდეს იქნება საზღვრებისა და რეგიონის გეოპოლიტიკის ცვლილების მომხრე, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯები არღვევს ქვეყნების სტაბილურობას. ვითარების დესტაბილიზაცია ნებისმიერ ქვეყანაში რეგიონის ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვისაც სახიფათოა. სწორედ ამიტომ ირანს მიაჩნია, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა წაადგება როგორც მას, ასევე მთლიანად რეგიონსა და მსოფლიოს.

8. მსოფლიოში ორი დიდი კრიზისია ფორმიერებული. ერთის მხრივ ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება მეორეს მხრივ რუსეთ უკრაინის ომი. საინტერესოა ირანის სახელმწიფოს ხედვა რუსულ-უკრაინული ომის მიმდინარეობასა და შესაძლო შედეგებზე. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ირანული დრონები ბომბავს უკრაინას, საუბარია რუსულ-ირანულ სამხედრო ალიანსზეც. რას იტყოდით ამ ალიანსზე? ამასთან ექსპერტები აცხადებენ, რომ მსოფლიოში წარმოიშვა მკვეთრად ანტი-ამერიკული ალიანსი, რომელშიც შედიან ჩინეთი, რუსეთი, ირანი და საუდის არაბეთი. რას იტყოდით ამ ალიანსზე?

უკრაინა-რუსეთის კრიზისის პირველივე დღეებიდან ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ნებისმიერ კონფლიქტსა და დაპირისპირებას. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, აწგანსვენებული ამირ აბდოლაჰიანი, სხვადასხვა ვიზიტების დროს ოფიციალურად ახმოვანებდა ამ პოზიციას. თუმცა მსოფლიოს ხალხთათვის სავსებით ნათელია ამ კონფლიქტების მიღმა არსებული პოლიტიკა. ამერიკასა და დასავლეთში არსებულ იარაღის მწარმოებელ კომპანიებსა და საწარმოებს არასოდეს ჰქონიათ და აქვთ ომის შეჩერების სურვილი. ისინი თავად უწყობენ ხელს კრიზისების წარმოქმნას არა მხოლოდ ახლოაღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებშიც. ზოგადად რეგიონული და გლობალური კრიზისების წარმოქმნის მთვარი ფაქტორი დასავლეთია. დასავლეთს არ სურს ომის შეჩერება. ის მიისწრაფვის გამოფიტვის ომისაკენ, რადგან ამ გზით შეუძლია მას თავისი და ირაღის მწარმოებელი მეგობრების ინტერესების დაკმაყოფილება. 7 თვეა, რაც პალესტინაში ვხედავთ სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს და ხალხის გენოციდს. მსოფლიოს ყველა ხალხმა კარგად დაინახა, თუ რა ბოროტი ზრახვები იმალება ამერიკელთა მხარდაჭერის უკან. გარეგნულად, ისინი შეიძლება ზოგჯერ საუბრობდნენ კონფლიქტების შეწყვეტაზე, მაგრამ პრაქტიკულად ისინი პირველივე დღიდან სრულად უჭერენ მხარს ისრაელის რეჟიმს. ამ მხარდაჭერის შედეგია ღაზასა და რაფაში 36 ათასზე მეტი დაღუპული პალესტინელი. სიონისტები კლავენ პალესტინელ ბავშვებსა და ქალებს ღაზასა და რაფაში და სამწუხაროდ ეს პროცესი გრძელდება. სიონისტებმა და ამერიკელებმა გააუფასურეს ჰუმანური ღირებულებები თუმცა ვხედავთ რომ მსოფლიოს ხალხები იღვიძებენ და ეს გამოღვიძება თავად ამერიკაშიც ვრცელდება. თქვენ ხედავთ ამერიკულ უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებს. ირანის უზენაესმა ლიდერმა მიმართვა გაუგზავნა ამერიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს და მხარი დაუჭირა მათ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის მიერ დაწყებული დანაშაულებისა და გენოციდის შეჩერებას, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის მხრიდან. ირანის უზენაესი ლიდერი ამ ახალგაზრდებს მოუწოდებს ყურანის გზისკენ, რადგან ყურანი კრძალავს ყოველგვარ კონფლიქტს და ადამიანების მკვლელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ერების გამოღვიძება მთელ მსოფლიოში დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა ერები შესძლებენ კონფლიქტების მალე დასრულებას. ეჭვგარეშეა, რომ ხალხის ხელმძღვანელობით მალე შეჩერდება სიონისტებისა და ამერიკელების მიერ ჩადენილი გენოციდი და ისტორიული დანაშაულები.

ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე სიონისტთა მიერ ჩადენილი მასშტაბური მკვლელობები და დანაშაულები არ შემოიფარგლება მხოლოდ მუსლიმებით და როგორც ხედავთ, რომ მუსლიმების გარდა, სხვა ეთნიკურები ჯგუფების წარმომადგენლები და რელიგიის მიმდევრები ვერ გადაურჩნენ ამ დანაშაულებს. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი თავდასხმა განხორციელდა ქრისტიანებსა და სხვა რელიგიის მიმდევრებზე, რის გამოც სიონისტ დამნაშავეებს ახლა წმინდა მიწის ჯალათებს უწოდებენ. ანუ ამ ხნის განმავლობაში დანაშაულის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ წმინდა მიწის ჯალათებად გამოცხადნენ. ვიმედოვნებთ, რომ წმინდა მიწის ჯალათები მალე დაისჯებიან საკადრისად ხალხის მიერ.

9. საინტერესოა ის თემა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის შვილმა გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ერთიან ქურთისტანს. ნიშნავს თუ არა ეს ახალი ომის კერის გაჩენას ახლოაღმოსავლეთში, რათა ისრაელმა დაპირისპირება სხვა მიმართულებებით გადაიტანოს? ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ გაერთიანებული ქურთისტანი ნიშნავს თურქეთის, ერაყის, სირიისა და ირანის ტერიტორიების დაშლას. რა პროგრამაა ეს და რატომ ახლა?

ისრაელის რეჟიმის ლიდერებმა ვერ მიაღწიეს დასახულ მიზნებს ღაზასა და რაფაში. 7 თვის მანძილზე განხორციელებული მკვლელობისა და გენოციდის შემდეგ, რეჟიმის ლიდერები ხელმოცარულნი და დისკრედიტირებულნი აღმოჩდნენ. ამიტომ წმინდა მიწის ჯალათები ცდილობენ ახალი კონფლიქტის გაჩაღებას ახლო აღმოსავლეთში, რათა თავი დააღწიონ ამ სიტუაციას. სიცრუისა და სიძულვილის საფუძველზე ჩამოყალიბებული ისრაელის რეჟიმის ეს მცდელობა ფაქტობრივად წარმოადგენს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევას და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რაც თავისთავად მიუღებელია რეგიონისა და მსოფლიოს ხალხებისთვის. სხვათაშორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სიონისტები მსგავსი ინიციატივით გამოდიან ვითარების ესლკალაციის მიზნით ერაყში, სირიაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. სიონისტებმა 2017 წელს დაიწყეს ამ გეგმის განხორციელება, მაგრამ ქურთისტანის კეთილშობილმა, ძირძველმა და კარგმა ხალხმა კარგად გაიაზრა სიონისტთა ავადმყოფური და უწმინდური ზრახვები და აღკვეთა სიონისტების ეს არაჰუმანური გეგმა. ისინი ამჯერადაც მკაცრ პასუხს გასცემენ სიონისტებს და არ დაუშვებენ, რომ საფრთხე შეექმნას ერაყის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

10. ბოლო პერიოდში იზრდება ანტი-სიონისტური განწყობები, სტუდენტური და სახალხო გამოსვლები. მთელმა რიგმა ქვეყნებმა ფაქტობრივად ოფიციალურად აღიარეს მთელი რიგი დარღვევები ღაზას სექტორში. როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ასეთი შემოტრიალება შეუწყობს თუ არა ხელს სისიხლისღვრის შეჩერებას ღაზაში?

რა თქმა უნდა, ეს ძალისხმევა ეფექტური იქნება, რადგან ის სათავეს იღებს ხალხის ნებიდან. როდესაც ხალხს უყალიბდება ერთიანი მოთხოვნა, ის ეფექტურად იმოქმედებს მთავრობათა გადაწყვეტილებებზე. როგორც აღვნიშნე ღაზაში, რაფაჰში და პალესტინის სხვა რაიონებში დატრიალებული ტრაგედიის და სიონისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის მასშტაბებმა მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ყველა ერი შეძრა. რეალურად ვხედავთ, რომ ხალხი არა მხოლოდ ამერიკის უნივერსიტეტებში, არამედ ევროპაშიც გამოვიდა ამერიკის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ პროტესტის მონაწილე სტუდენტთა დაკავება. მარტო კოლუმბიის უნივერსიტეტში ასი სტუდენტი იქნა დაკავებული. მიუხედავად ამისა ამერიკამ ვერ შეძლო საპროტესტო მოძრაობის შეჩერება და დღეს უკვე ევროპის ქვეყნებშიც ვხედავთ პროტესტს, ევროპისა და ამერიკის მთავრობების არასწორი პოლიტიკის მიმართ, რომელიც გამოიხატება სიონისტთა დანაშაულების სრულ მხარდაჭერაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მასშტაბური საპროტესტო ტალღა საკადრის ადგილს მიუჩენს სიონისტური რეჟიმის დამნაშავე ხელისუფლებას.

11. ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ ირანი იმყოფება სანქციების ქვეშ ამერიკის მხრიდან. ასევე რუსეთი იმყოფება ამერიკისა და დასავლეთის მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთის ბიუჯეტი 4-ჯეერ გაიზარდა. ასევე ირანსაც ვერაფერი დააკლო ამ სანქციებმა. პირიქით ირანი უფრო ძლიერ სახელმწიფოდ ყალიბდება და აძლიერებს თავის გავლენასა და თავის ეკონომიკას. როგორ მოახერხა ირანმა ამ სანქციების ფონზე შეინარჩუნა ყველაფერი და განიცდის ეკონომიკურ ზრდას?

შეცდომა, რომელიც ამერიკელებმა ისტორიის მანძილზე დაუშვეს, არის მათი მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს ამერიკა მსოფლიო გადაწყვეტილების მიღების ცენტრს წარმოადგენს. ამერიკელებს აქვთ არასწორი გათვლები. ისინი არასწორად იცნობენ მსოფლიოს ქვეყნებს და სწორედ ამიტომ ხელისუფლებების შესაცვლელად შემუშავებული მათი გეგმები, ყოველთვის ამ არასწორ გათვლებს ეფუძნება. ამერიკელებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს. ვხედავთ როგორ დასრულად ამ ქვეყნის ინტერვენცია ერაყში. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ერაყი. ჩვენ ასევე ვნახეთ ავღანეთში ამერიკის ოც წლიანი ყოფნა, რომელმაც დამანგრეველი შედეგები მოუტანა ავღანეთის მოსახლეობას. ოცი წლის შემდეგ კი სამარცხვინოდ დატოვეს ავღანეთი. მცდარია აგრეთვე ამერიკელთა წარმოდგენა ირანზე, ამ ქვეყნის რესურსებზე, პოტენციალსა და ძლიერებაზე. ასეთმა მცდარმა წარმოდგენებმა ამერიკის დისკრედიტაცია გამოიწვია მსოფლიოში. ირანი არის დიდი ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური რესურსებით. ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი მფლობელი მსოფლიოში და ძალიან მდიდარი სახელმწიფო ბუნებრივი წიაღისეულით, სოფლის მეურნეობით და სხვა ეკონომიკური რესურსებით. მართალია, ამერიკის სანქციებმა დაარტყა ირანელ ხალხს, მაგრამ მას არასოდეს შეუწყვეტია თავისი სწრაფვა განვითარებისკენ და სტაბილური შიდა სტრუქტურის წყალობით, ტექნოლოგიის, სამრეწველო, ტექნიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ირანელი ახალგაზრდების მიღწევებითა და მათი ცოდნისა და ენერგიის გამოყენებით, შეძლო ამ სანქციების დაძლევა.

12. რამდენიმე მცდელობა იყო, ირანის ჩასართავად გლობალურ ომში. დავინახეთ, რომ ისრაელს მხარი დაუჭირეს ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა და მოიგერიეს ირანის მხრიდან განხორციელებული წერტილოვანი თავდასხმები. ასევე ვხედავთ, რომ ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსითები სერიოზულად ავიწროებენ ისრაელს. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს ომი უფრო მეტად გამწვავდეს და ირანი დაპირისპირებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს?

ამერიკელების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პალესტინის და ისრაელის რეჟიმს შორის კონფლიქტის ათვლის წერტილად 7 ოქტომბერს მიიჩნევენ. რეალურად კი ეს კონფლიქტი 75 წელიწადს ითვლის. 75 წლის განმავლობაში, ისრაელის დანაშაულებრივმა მოქმედებებმა რეგიონი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. თქვენ ხედავთ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობები პალესტინაში არიან ის დაჯგუფებები, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებენ. ბოლოდროინდელი კრიზისის დროს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად მოქმედებენ. თუმცა მათი შთაგონების წყარო არის ირანელი ხალხის დაპირისპირება შეერთებული შტატების ძალადობასთან. ანუ პალესტინის, ღაზას, სირიის, ერაყის, ლიბანის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებისმოყვარე ერების ბრძოლა შთაგონებულია ირანის ისლამური რევოლუციით. ამგვარად წინააღმდეგობის ჯგუფები პალესტინაში დამოუკიდებლად მოქმედებენ და იბრძვიან ისრაელის რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ეს რეჟიმი საწადელს ვერ მიაღწევს.

13. წლითი-წლობით ჩვენს ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მტკიცდება როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. უკვე ვთქვით ჩაბაჰარის პორტის შესახებ. უახლოეს მომავალში როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ირანულ-ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები და დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს ურთიერთობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს რამდენიმეათასწლოვანი ცივილიზაცია და კულტურა, ჩამოყალიბდა ორი ქვეყნის ხალხის მიერ. ეს ურთიერთობები მტკიცეა და დღითიდღე უფრო მტკიცდება. ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დინამიკა ყოველთვის მზარდი და ძლიერია. გასულ წელს ჩვენს ქვეყანებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 271 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაზე მეტყველებს. თუმცა ასეთი მოცულობა არ არის შესაფერისი ორი ქვეყნისთვის და არსებობს შესაძლებლობა, რომ ის გაორმაგდეს ან გასამმაგდეს. რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გადაჭრიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში სავაჭრო ბრუნვის მოცულობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს.

14. რას უსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს, და ზოგადად კავკასიელ ხალხს?

საქართველოს კეთილშობილ ხალხს ვუსურვებ მეტ კეთილდღეობას, წინსვლას, მშვიდობასა და სტაბილურობას და მადლობას ვუხდი ჩემს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლებისა და ზოგადად ირანის ხალხის მიმართ გამოვლენილი კეთილდამოკიდებულებისათვის. ვუსურვებ მათ დღეგრძელობას და წარმატებებს. ამასთან მშვიდობასა და სტაბილურობას ვუსურვებ კავკასიის ქვეყნებს, რადგან მშვიდობიანი კავკასია ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ რეგიონის ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობით და ათასობით კილომეტრის სიშორეზე მყოფი სახელმწიოფოების ჩარევის გარეშე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ იმყოფებოდნენ ამ რეგიონში, შეძლებენ მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონის შექმნას.

تصاویر

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است