14 September 2026
2026/09/04 - 10:29

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება აშშ-ის მიერ განმეორებითი აგრესიის დაგმობის შესახებ

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება აშშ-ის მიერ განმეორებითი აგრესიის დაგმობის შესახებ

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება აშშ-ის მიერ განმეორებითია გრესიის დაგმობის შესახებ

აგრესორი აშშ-ის რეჟიმი, რომელიც ირანელი ხალხის მიერ საკუთარი ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების დაცვის ურყევი სიმტკიცის წინაშე უძლურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სამშაბათს, 2026 წლის 2 სექტემბერს, საღამოს საათებში, კვლავ დაარღვია ირანის ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და იერიში მიიტანა რამდენიმე სამოქალაქო ტერიტორიასა და მომსახურების ინფრასტრუქტურის ობიექტზე, მათ შორის, ხუზესტანის, სისტანისა და ბელუჯისტანის, ჰორმოზგანისა და კერმანის პროვინციებში განთავსებულ არაერთ სატელეკომუნიკაციო ანძასა და ობიექტზე. თავდასხმას ჩვენი არაერთი თანამემამულის დაღუპვა და დაშავება მოჰყვა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო და კერძო ქონება.

ამერიკელი მტრის მიერ ჰორმოზგანის პროვინციის სირიკის მუნიციპალიტეტში მდებარე ქოჰესტკში საქორწილო ზეიმზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 70-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა ან დაშავდა, რომელთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ. ეს სასტიკი სამხედრო დანაშაულები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამერიკა-ისრაელის რეჟიმების მიერ ჩადენილ წინა დანაშაულებს, მათ შორის მინაბსა და ლამერდში განხორციელებულ თავდასხმებს, გვახსენებს.

აშშ-ის ტერორისტულმა არმიამ ასევე, კვირას, 2026 წლის 30 აგვისტოს, საღამოს საათებში, კვლავ დაარღვია ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და იერიში მიიტანა ლარქის კუნძულის გარკვეულ ნაწილებზე, რასაც სამშობლოს რამდენიმე თავდადებული დამცველისა და ჩვენი ძვირფასი თანამემამულის დაღუპვა და დაშავება მოჰყვა. ასევე, დაზიანდა სახელმწიფო და კერძო ქონება.

აშშ-ის რეჟიმმა ასევე ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების პროცესში აშკარა ჩარევით გამოიწვია ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და საერთაშორისო კომერციული ნაოსნობის შეფერხება. ამავდროულად, აშშ-ის ტერორისტულმა არმიამ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მოსამზადებლად სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნების ტერიტორიებისა და შესაძლებლობების გამოყენების გამო, ფაქტობრივად, ეს ქვეყნები ირანელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მისი უკანონო და დანაშაულებრივი ომის ასპარეზად აქცია.

აშშ-ის განმეორებითი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის განუყოფელი უფლების განხორციელების ფარგლებში, თავდაცვითი და გამანადგურებელი დარტყმები განახორციელეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის წყაროსა და მხარდამჭერ ძალას წარმოადგენდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში, აშშ-ის რეჟიმის განმეორებით აგრესიას გმობს და კიდევ ერთხელ შეახსენებს გაეროს, განსაკუთრებით კი გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ მდივანს, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად საკუთარი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობას.

გაეროს ორგანოების დუმილი და უმოქმედობა წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, განსაკუთრებით კი მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, მუდმივი დარღვევების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფო ახორციელებს, კიდევ უფრო დააზიანებს ორგანიზაციის ავტორიტეტს და მზარდ საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს აშშ-ის სამხედრო აგრესიას ლარქის კუნძულზე და, განსაკუთრებით, ჰორმოზგანის პროვინციის სირიკის მუნიციპალიტეტში მდებარე ქოჰესტკში გამართულ საქორწილო ზეიმზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. საელჩო კიდევ ერთხელ შეახსენებს გაეროს უშიშროების საბჭოსა და პირადად გენერალურ მდივანს მათ პასუხისმგებლობას, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და აგრესორი მხარის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ შეახსენა გაეროს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს პრეზიდენტსა და ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებმაც სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების მდგომარეობის გაგრძელებული გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვეს, რომ რეგიონში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების დარღვევის ერთადერთი მიზეზი აშშ-ისა და ისრაელის რეჟიმის უკანონო და აგრესიული ქმედებებია, რომლებიც ირანზე 28 თებერვალს განხორციელებული თავდასხმით დაიწყო და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საზღვაო ბლოკადისა და სხვა პროვოკაციული და ჩარევითი ქმედებების სახით, გაგრძელდა.

მტრის აგრესიის საპასუხოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები არ დააყოვნებენ თავდაცვის ლეგიტიმური უფლების განხორციელებას და მტრის ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში სათანადო ფორმით და გადამწყვეტად უპასუხებენ.

ცხადია, აშშ-ის ახალი აგრესიული ქმედებების, ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადისა და ეკონომიკური ომის გაგრძელების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ის რეჟიმსა და ყველა იმ მხარეს, რომელიც ნებისმიერი ფორმით მონაწილეობს ან თანამშრომლობს აშშ-ის უკანონო და სამართალდამრღვევი ქმედებების მომზადებასა და განხორციელებაში.

ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას ირანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ისა და ნებისმიერი სხვა აგრესორი მხარის სამხედრო აგრესიისგან, და აფრთხილებს ნებისმიერ მხარეს, რომ აგრესორებთან რაიმე სახის მონაწილეობა ან თანამშრომლობა დაუშვებელია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მეზობელი ქვეყნები ვალდებულნი არიან ხელი შეუშალონ აგრესორი მხარეების მიერ საკუთარი ტერიტორიებისა და შესაძლებლობების გამოყენებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად. ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების წყარო და საწყისი წერტილი გახდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მამაცი შეიარაღებული ძალების თავდაცვითი დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است