17 April 2026
2026/04/08 - 19:15 View: 69

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი

.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი

 

🔹ამერიკელ ხალხსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი დამახინჯებული და ხელოვნურად შექმნილი ნარატივის ფონზე, სიმართლისა და უკეთესი ცხოვრების ძიებაში არიან:

🔹ირანი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი და უწყვეტი ცივილიზაციაა, რომელსაც მუდამ ჰქონდა საკუთარი იდენტობა და არსებობდა, როგორც სახელმწიფო. ირანი გახლავთ ცივილიზაცია, რომელსაც ისტორიულ და გეოგრაფიულ უპირატესობათა მიუხედავად, თანამედროვე ისტორიაში არასოდეს აურჩევია ომის, აგრესიის, კოლონიზაციისა და ბატონობის გზა, და მიუხედავად ოკუპაციის, თავდასხმების და გლობალური ძალების მხრიდან ზეწოლის გამოცდილებისა, აგრეთვე თავისი სამხედრო შესაძლებლობებისა ბევრ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, ომის ინიციატორი არ ყოფილა, თუმცა აგრესორებს გმირულად უკუაგდებდა.

🔹ირანელ ხალხს არ ჰქონია მტრობა სხვა ხალხების მიმართ, მათ შორის ამერიკის, ევროპის და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის მიმართ. ირანელები, ისტორიის განმავლობაში, უცხო სახელმწიფოების ჩარევისა და ზეწოლის პირობებშიც კი, ერთმანეთისგან ყოველთვის განასხვავებდნენ ხალხებსა და მთავრობებს. ეს არის ამ ერის ცნობიერებასა და კულტურაში ღრმად ფესვგადგმული პრინციპი და არა დროებითი პოზიცია.

🔹ამდენად, ირანის საფრთხედ წარმოჩენა არც ისტორიულ რეალობას შეესაბამება და არც დღევანდელ ფაქტობრივ ვითარებას. ეს სურათი არის ძალაუფლების სტრუქტურების პოლიტიკური და ეკონომიკური საჭიროებების პროდუქტი; მტრის ხატის შექმნის საჭიროება ზეწოლის გასამართლებლად, სამხედრო უპირატესობის შესანარჩუნებლად, სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად და სტრატეგიული ბაზრების სამართავად. ასეთ ჩარჩოში, თუ საფრთხე არ არსებობს, ის იქმნება.

🔹ამავე მიდგომის შედეგად არის, რომ დღეს აშშ-ის ძალების, ბაზებისა და სამხედრო შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ირანის გარშემო, იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სულ მცირე აშშ-ის არსებობის დასაწყისიდან ომის წამომწყები არ ყოფილა. ამ ბაზებიდან განხორციელებულმა ამერიკის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრთხის შემცველობა და ბუნებრივია, რომ არცერთი ქვეყანა მსგავს პირობებში საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებზე უარს არ იტყვის; რაც ირანმა გააკეთა და აკეთებს, მხოლოდ რეაქცია და თავდაცვაა და არა თავდასხმის, ომისა და აგრესიის წამოწყება.

🔹ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობები თავდაპირველად დაპირისპირებაზე არ ყოფილა აგებული და ხალხთა შორის კავშირი დაძაბულობის გარეშე ვითარდებოდა. გარდამტეხ მომენტს წარმოადგენდა 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალება. ამ ჩარევამ, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის რესურსების ნაციონალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას, შეაჩერა დემოკრატიული პროცესი, აღადგინა დიქტატურა და ირანელთა ცნობიერებაში ჩამოაყალიბა უნდობლობა აშშ-ის პოლიტიკის მიმართ. ეს უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა რევოლუციამდელი ხელისუფლების მხარდაჭერით, სადამ ჰუსეინის მხარდაჭერით ირან-ერაყის ომში, ხანგრძლივი და მასშტაბური სანქციების დაწესებით და ბოლოს პირდაპირი სამხედრო ქმედებებით ირანის წინააღმდეგ.

🔹მიუხედავად ამ ზეწოლებისა, ირანი არა მხოლოდ არ დასუსტებულა, არამედ სხვადასხვა სფეროში გაძლიერდა: განათლების დონის მკვეთრი, სამმაგი ზრდა (30%-დან 90%-მდე), უმაღლესი განათლების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიებში პროგრესი, ჯანდაცვის სერვისების გაფართოება და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი, შეუდარებელი გაძლიერება მიუთითებს ქვეყნის შიდა პოტენციალსა და ადაპტაციის უნარზე. ეს ფაქტებზე დაკვირვება და მათი გაანალიზება შესაძლებელია მედია ნარატივებისგან დამოუკიდებლად.

🔹რა თქმა უნდა, შეუძლებელია უგულებელვყოთ სანქციების, ომისა და აგრესიის დამანგრეველი გავლენა მამაცი ირანელი ხალხის ცხოვრებაზე. სამხედრო მოქმედებები, მათ შორის ბოლო თავდასხმები, ბუნებრივად აისახება ხალხების დამოკიდებულებებსა და ემოციებზე. ეს არის ადამიანური რეალობა: ადამიანები, რომლებიც ომის ფასს საკუთარი სიცოცხლით, სახლებით, ქალაქებითა და მომავალით იხდიან, მის გამომწვევ მიზეზებზე გულგრილნი ვერ დარჩებიან.

🔹ამ ფონზე, ჩნდება ძირითადი კითხვა: ამ ომს ზუსტად რომელი რეალური ინტერესის სასარგებლოდ ეწევა ამერიკის ხალხი? რა რეალური საფრთხე მოდის ირანის მხრიდან, რომელიც ამგვარ ქმედებებს გაამართლებს? უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა, კიბოს სამკურნალო ფარმაცევტული ცენტრების განადგურება ან განცხადებები მთელი ხალხის „ქვის ხანაში“ დაბრუნების შესახებ — რა სარგებელს მოაქვს ამას, თუ არა ამერიკის გლობალური იმიჯის კიდევ უფრო დაზიანებისა?

🔹ირანმა გაიარა მოლაპარაკებების გზა, მიაღწია შეთანხმებას და შეასრულა საკუთარი ვალდებულებები; შეთანხმებიდან გასვლა, დაპირისპირებისკენ სვლა და შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში ორჯერ თავდასხმა — ეს იყო დესტრუქციული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა აშშ-ის მთავრობის მიერ და განხორციელდა უცხო აგრესიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

🔹ირანის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ და სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმები არის ქმედება, რომლის პირდაპირი სამიზნე ირანელი ხალხია და გარდა იმისა, რომ წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, მისი შედეგები ყოველგვარი ეჭვის გარეშე გასცდება ირანის საზღვრებს. ეს თავდასხმები ნიშნავს არასტაბილურობის გავრცელებას, ადამიანური და ეკონომიკური დანახარჯების ზრდასა და დაძაბულობის ციკლის გაღრმავებას, ასევე სიძულვილის თესვას, რომლის შედეგებიც წლების განმავლობაში დარჩება. ეს გზა ძალის ნიშანი არ არის; ეს არის დაბნეულობისა და იმის სიმბოლო, რომ ვერ მოახერხეს ნამდვილი გამოსავლის პოვნა.

🔹ნუთუ მართალი არ არის, რომ ამერიკა, როგორც ისრაელის პროქსი ძალა, სწორედ ამ რეჟიმის წაქეზებით, ჩაერთო ამ აგრესიაში? ნუთუ მართალი არ არის, რომ ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხის გადაჭარბებული წარმოჩენით ცდილობდა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადატანას საკუთარი დანაშაულებიდან იმ არარეალურ საფრთხეზე, რომელსაც ირანს მიაწერდა? ნუთუ მართალი არ არის, რომ ახლა ისრაელმა გადაწყვიტა, ბოლო ამერიკელი ჯარისკაცისა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ბოლო ცენტის ხარჯზე ებრძოლოს ირანს, ხარჯები დააკისროს ირანს, რეგიონულ ქვეყნებსა და თავად ამერიკას და თვითონ დარჩეს უსაფრთხო ზონაში? და მართლაც, არის თუ არა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე თავად ამერიკა?

🔹მე გირჩევთ, მიზანმიმართული მედია-პროპაგანდის ნაცვლად, რომელიც თავადაც ომის ნაწილია, მოუსმინოთ თქვენს მეგობრებს, რომლებიც ირანში ყოფილან, ასევე ნახოთ იმ ირანელთა სტატისტიკა, რომლებიც ირანში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ასწავლიან და იკვლევენ ან უმნიშვნელოვანეს კომპანიებში მუშაობენ. ემთხვევა თუ არა ეს რეალობა იმას, რასაც მედია ირანის შესახებ გეუბნებათ?

🔹დღევანდელი მსოფლიო იმ წერტილშია, სადაც დაპირისპირების გაგრძელება უფრო მეტად მოითხოვს ხარჯებს და ნაკლებად შედეგიანია, ვიდრე ოდესმე. არჩევანი დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის საბედისწეროა. ამ არჩევანის  შედეგები მომავალი თაობების ბედს განსაზღვრავს. ირანს თავისი ათასწლოვანი, ღირსეული ისტორიის განმავლობაში მრავალი დამპყრობელი უნახავს. მათგან ისტორიში მხოლოდ სამარცხვინო კვალი დარჩა, ხოლო ირანი კვლავაც ამაყად დგას.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است