News Agency:განცხადებები
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს №2231 რეზოლუციის ვადის გასვლასთან დაკავშირებით
.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს №2231 რეზოლუციის ვადის გასვლასთან დაკავშირებით როგორც წინა ოფიციალურ სიტყვით გამოსვლებსა და განცხადებებში იყო ნათქვამი ბირთვული შეთანხმების (JCPOA ) და გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 20 ივლისის 2231 რეზოლუციის შესახებ ირანის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ამ რეზოლუციით დადგენილი 10-წლიანი პერიოდი დასრულდება 2025 წლის 18 ოქტომბერს, შაბათს, და მისი ყველა დებულება, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მექანიზმების შესაძლო შეზღუდვები, ამ თარიღიდან დასრულებულად ჩაითვლება. ამდენად, ირანის ბირთვული საკითხი, რომელიც უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში „გაუვრცელებლობის“ სახელით იყო განხილული, გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგიდან ამოღებულ უნდა იქნას. 2231 რეზოლუციის ვადის გასვლის შემდეგ, ირანის ბირთვული პროგრამა ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს ბირთვული პროგრამა. ირანის ბირთვული საკითხის უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში განხილვის მიზანი იყო ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფა, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ბირთვული პროგრამა იარაღის წარმოებისკენ არ იქნებოდა მიმართული. ეს მიზანი სრულად მიღწეულია, რადგან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ არცერთი ანგარიში არ გამოქვეყნებულა. სამი ევროპული ქვეყნისა და შეერთებული შტატების მხრიდან სააგენტოზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, რომლის მიზანი იყო, რომ ამ სააგენტოს დაედასტურებინა, თითქოსდა ირანის მიერ გარანტიების შეუსრულებლობა, მსგავსი რამ არასდროს დადასტურებულა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ბირთვული შეთანხმების ფარგლებში დამატებითი ვალდებულებების აღების მიუხედავად, ერთდროულად იმყოფებოდა უმძიმესი სანქციების ქვეშ და სწორედ ამ სამმა ევროპულმა ქვეყანამ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაარღვიეს სანქციების მოხსნის ვალდებულებები. რეზოლუცია 2231 და მისი დანართი, ბირთვული შეთანხმება, მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რომელმაც საკუთარი სანდოობა და ეფექტურობა ჩამოყალიბების ადრეულ წლებში აჩვენა. სამწუხაროდ, აშშ-მ, რომელმაც 2018 წელს უპასუხისმგებლოდ დატოვა ეს შეთანხმება და სამმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელთაც არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, არ დააფასეს ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული შეთანხმების წევრი სამი ევროპული ქვეყნის (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) მიერ გადადგმული ნაბიჯის უკანონობას. ამ ქვეყნებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და ლოგიკური მიზეზის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების მოთხოვნის შესრულების გზით - რომელიც თავისთავად მხარეა, რადგან ცალმხრივად და გაუმართლებლად დატოვა „ბირთვული შეთანხმება“ 2018 წელს - სცადეს „ბირთვული შეთანხმებით“ გათვალისწინებული დავების მოგვარების მექანიზმის ბოროტად გამოყენება უშიშროების საბჭოს ვადაგასული რეზოლუციების აღსადგენად.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სამი ევროპული ქვეყნის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გავლენას არ ახდენს 2231 რეზოლუციაში მოცემულ სამართლებრივ შეთანხმებებზე, მათ შორის მისი ვადის გასვლის თარიღზე და რომ ეს რეზოლუცია უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად დადგენილ ვადაში (2014 წლის 18 ოქტომბერი). ასევე ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ „ბირთვული შეთანხმების“ წევრი სამი ევროპული ქვეყნის უკანონო ქმედებების მიუხედავად - რომლებმაც თავად მრავალგზის არ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები, სულ მცირე, 2018 წლის მაისში აშშ-ის „ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ, და შესაბამისად, საკუთარ თავს ჩამოართვეს დავის მოგვარების მექანიზმის გამოყენების იურიდიული უფლებამოსილება - გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო არანაირი გადაწყვეტილება ვადაგასული რეზოლუციების აღდგენის შესახებ ორი მუდმივი წევრის, ჩინეთისა და რუსეთის, აშკარა წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, გერმანიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის, როგორც „ბირთვული შეთანხმების“ მუდმივი დამრღვევების, ნაბიჯები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე ცდილობდნენ უშიშროების საბჭოს გაუქმებული რეზოლუციების აღდგენას, არ უნდა ჩაითვალოს რაიმე სამართლებრივი ან აღმასრულებელი ღირებულების ან ძალის მქონედ. უშიშროების საბჭოს სამდივნოს ასევე არ აქვს უფლება, მხარი დაუჭიროს და აღიაროს ამ სამი ქვეყნის უკანონო ნაბიჯი. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ უშიშროების საბჭოს ექვსი წევრი სახელმწიფო, მათ შორის ორი მუდმივი წევრი, არ დაეთანხმა სამი ევროპული ქვეყნისა და შეერთებული შტატების უკანონო ქმედებას. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს ირანის, ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ მიმოწერაზე გაეროს გენერალურ მდივანთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც გაეროს სამდივნოს საშუალებას მისცემდა, გამოეტანა დამოუკიდებელი დასკვნები ირანის წინააღმდეგ გაუქმებული რეზოლუციების აღდგენის შესახებ და, რომ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს ექსკლუზიურ იურისდიქციაში შედის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაეროს გენერალურ მდივანს მკაცრად მოეთხოვება, გაეროს წესდების 100-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გამოასწოროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული არასწორი ინფორმაცია ირანის წინააღმდეგ ვადაგასული რეზოლუციების დაბრუნების სავარაუდო პროცესთან დაკავშირებით და თავიდან აიცილოს შემდგომი დაბნეულობა უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პროცედურულ პროცესებში. ისლამური რესპუბლიკა ასევე უკანონოდ მიიჩნევს უშიშროების საბჭოს სანქციების მექანიზმების, მათ შორის სანქციების კომიტეტისა და ექსპერტთა ჯგუფის, აღდგენას და მიიჩნევს, რომ სამდივნო ვალდებულია რაც შეიძლება მალე შეასწოროს უშიშროების საბჭოს ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და იქიდან ამოიღოს ის ნაწილი, რომელიც ეხება ზემოთხსენებულ კომიტეტს და ექსპერტთა ჯგუფს. ეს განსაკუთრებით აუცილებელია ვადაგასული რეზოლუციების შინაარსის და მიზნის, მათი ნამდვილობისა და მათი შეწყვეტის მექანიზმის ირგვლივ არსებული აბსოლუტური ბუნდოვანების გათვალისწინებით. მოლიდინი გვაქვს, რომ გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო გაითვალიწინებს სამი ევროპული ქვეყნის ქმედების უკანონო ხასიათს, მათ ქმედებაში აშკარა პროცედურულ ხარვეზს და უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუცია 2231-ის გაგრძელების ან შეწყვეტილი რეზოლუციების აღდგენის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღების უუნარობას და თავს შეიკავებს სამი ევროპული ქვეყნისა და შეერთებული შტატების მოთხოვნის დაკმაყოფილებისგან, რომელიც ითვალისწინებს ვადაგასული რეზოლუციების (მათ შორის რეზოლუციები 1696, 1737, 1747, 1803, 1835, 1929) დაბრუნებას. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნები რეზოლუცია 2231 გაუქმებულად ჩათვლიან. ირანის ისლამური რესპუბლიკა ხაზს უსვამს თავისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს და მკაცრად გმობს უშიშროების საბჭოს უუნარობას, დაგმოს ისრაელისა და ამერიკის რეჟიმების სამხედრო აგრესია ირანის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ასევე მშვიდობიან და მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ბირთვულ ბირთვულ ობიექტებზე. ირანის ბირთვულ ობიექტებზე სასტიკი და აგრესიული თავდასხმები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა, დიპლომატიის უხეშ ღალატს და საერთაშორისო სამართლისთვის, მათ შორის, გაუვრცელებლობის რეჟიმისთვის საკუთარი წევრი ქვეყნების მიერ მიყენებულ დიდ დარტყმას წარმოადგენდა. რამდენიმე ათასი ირანელი მოქალაქის მკვლელობისა და დაშავების, ათასობით საცხოვრებელი სახლის განადგურებისა და ირანის მშვიდობიანი ბირთვული ინფრასტრუქტურის დაზიანების გარდა, ამ თავდასხმებმა ირანის ნორმალური თანამშრომლობა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან შეაფერხა. ირანის მცდელობები, რომელიც გულისხმობდა კაიროს შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობათ აღდგენას, ასევე ჩაიშალა სამი ევროპული ქვეყნის უპასუხისმგებლო და მიკერძოებული ქმედებების გამო, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ „ბირთვული შეთანხმებით“ გათვალისწინებულ დავების მოგვარების მექანიზმს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს ჩინეთისა და რუსეთის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, პასუხისმგებლობით აღსავსე პოზიციას, რომლებიც განუწყვეტლივ ეწინააღმდეგებიან „ბირთვული შეთანხმებით“გათვალისწინებული დავის მოგვარების მექანიზმის ბოროტად გამოყენებას სამი ევროპული ქვეყნის მიერ, ასევე აფასებს ალჟირისა და პაკისტანის, როგორც საბჭოს ორი არამუდმივი წევრის პოზიციას, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს სამი ევროპული ქვეყნის უკანონო ნაბიჯს უშიშროების საბჭოში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აფასებს საბჭოს დანარჩენი ორი არამუდმივი წევრის, სამხრეთ კორეისა და გაიანას გადაწყვეტილებას, რომლებმაც არ დაამტკიცეს სამი ევროპული ქვეყნის ნაბიჯი. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მადლობას უხდის მიუმხრობლობის მოძრაობის წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც კამპალაში (უგანდა) საგარეო საქმეთა მინისტრების მე-19 შუალედური შეხვედრის განცხადებაში ხაზი გაუსვეს 2231 რეზოლუციის მე-8 პუნქტის შესაბამისად მოქმედების შეწყვეტას და მასში მოცემული დებულებებისა და ვადების სრულად დაცვის აუცილებლობას, ასევე ნიუ-იორკში ქარტიის მეგობართა ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. ირანის ისლამური რესპუბლიკა მტკიცედ გამოხატავს დიპლომატიისადმი ერთგულებას და ამავდროულად აპირებს დაიცვას ირანელი ხალხის ლეგიტიმური უფლებები და კანონიერი ინტერესები ყველა სფეროში, მათ შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანად გამოყენების კუთხით.
© 2019 - economy@mfa.ir